მე თაკო ვარ. 23 წლის. მე აივ დადებითი ვარ.
ჩემი ჯანმრთელობის სტატუსის გამო, დედაჩემმა 10 წლის შვილთან ერთად, სახლიდან გამაგდო.
მე ზურა ვარ. 42 წლის. მე აივ დადებითი ვარ.
ამ ზაფხულს სასწრაფოდ მესაჭიროებოდა თვალის ოპერაცია. მე ექიმს გავუმხილე ჩემი ჯანმრთელობის სტატუსი. მას შემდეგ, რაც თვალის კლინიკაში გაიგეს, რომ მე აივ დადებითი ვარ, სასწრაფო ოპერაციის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განმიცხადეს.
მე თენგო ვარ. ახლა 37 წლის ვიქნებოდი. მე აივ დადებითი ვიყავი.
ჩემი გარდაცვალების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მე აიც დადებითი ვიყავი. ამის გამო ჩემმა ნათესავებმა და მეზობლებმა ჩემს ოჯახს არ მიუსამძიმრეს. მეტიც, მათ იმ კუბოს აწევაზეც უარი განაცხადეს, სადაც ჩემი ნეშტი იყო ჩასვენებული.
მე ნათია ვარ. 28 წლის. მე აივ დადებითი ვარ.
მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ასევე აივ დადებითები არიან, როგორც წესი, უარს გვეუბნებიან მოგვემსახურონ ისეთ აუცილებელ და ყველა ადამიანისათვის საჭირო სამედიცინო დაწესებულებაში, როგორიც არის სტომატოლოგიური კლინიკა.
მე რატი ვარ. 36 წლის. მე აივ დადებითი ვარ.
ემოციური ადამიანი ვარ და მას შემდეგ, რაც შევიტყვე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ძალიან მომინდა ჩემი პრობლემის მეგობრებთან გაზიარება. ვერ ვიტყვი, რომ ამის შემდეგ ჩემმა მეგობრებმა ზურგი შემაქციეს, თუმცა, ჭურჭელი, რომელსაც მე ვიყენებდი, ცალკე შეინახეს ცელოფანში შეფუთული...
დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აიც-ინფიცირებულთან საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით.
მე მალხაზი ვარ. 47 წლის. მე აივ დადებითი ვარ.
მესმის, ცოტა უსიამოვნოა ამის წაკითხვა, თუმცა ასეა. სამწუხაროდ, საყლაპავ მილზე განმივითარდა წყლული. დამეწყო სისხლდენა. სასწრაფოდ გადამიყვანეს საავადმყოფოში. იქ, ექიმებთან გავამხილე ჩემი აივ-სტატუსი, რის შემდეგ მე უარი მითხრეს სამედიცინო მომსახურებაზე. პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც დახმარებისთვის შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს მივმართე.
***
დღეს 1 დეკემბერია. ჩვენ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ავღნიშნავთ. ზემოთ მოყვანილი ისტორიები რეალურია. ამ ისტორიების თქვენთვის გაზიარებას შემდეგი მიზანი აქვს:
1 - გიჩვენოთ, თუ რამდენად არასასიამოვნოა, იყო აივ-დადებითი. ეს არის დაავადება, რომელიც აქვეითებს თქვენს იმუნურ სისტემას. იყავით ჭკვიანები და ისწავლეთ სხვების შეცდომებზე.
გახსოვდეთ, რომ არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:
2 - ზემოთ მოყვანილი შემაშფოთებელი მაგალითები, რომლებიც, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ არ არის გამოგონილი და სრულიად რეალურია, ნათლად აჩვენებს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობას აივ-დადებითი პირების მიმართ. თითოეული მაგალითი სტიგმა-დისკრიმინაციის ნათელი მაგალითია! ეს დამოკიდებულება ჩნდება საზოგადოებაში, რომელიც არ არის ინფორმირებული არც დაავადებისგან თავის დაცვის გზებზე და არც იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის ურთიერთობებით არ ხდება ადამიანის შიდსით ინფიცირება.
დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:
გარდა ამისა, არსებობს აივ-დადებით პირების მიმართ როგორც ნეგატიური, აგრეთვე ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაცია. ამის ნათელი დამადასტურებელია ეს ვიდეორგოლი:
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სოციალური სარეკლამო რგოლი, დამზადებულია ორგანიზაციის მიერ, რომელიც მუშაობს შიდსის თემაზე. თავად ხედავთ, რომ ვიდეორგოლი ადამიანებს უყალიბებს აივ-ინფიცირებული პირების მიმართ შემდეგ სტერეოტიპებს:
1 - აივ-დადებითი მუდამ ”დაგრუზულია”;
2 - აივ-დადებით თავს გარიყულად გრძნობს;
3 - თვალშისაცემია ხიდზე გადაღებული სცენა, რომელიც აივ-დადებითი გმირის დეპრესიული გამომეტყველებისა და თანმხლები ტექსტთან ერთად ქმნის გმირის სუიციდისადმი მიდრეკილების განცდას.
4 - ვიდეორგოლის ფინალური სცენა - განადგურებული სახით სახლში შესულ გმირის მიმართ ახლობლები, რომლებმაც იციან მისი სტატუსი, იჩენენ აშკარად ზედმეტ ყურადღებას. დამეთანხმებით, რომ თქვენს ირგვლივ გაგიჭირდებათ 35 წლის ქალის ნახვა, რომელსაც ასე ბავშვურად ულოცავენ დაბადების დღეს.
იმის თქმა მინდა, რომ ეს ვიდეოკლიპი არის ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაციის ნათელი მაგალითი. ჩემი აზრით:
1 - აივ-დადებით პირებს სრულებით არ ესაჭიროებათ გადაჭარბებული ყურადღება.;
2 - იყო აივ-დადებითი, სრულიად არ ნიშნავს, გქონდეს დეპრესიული გამომეტყველება, იყო მუდამ ”დაგრუზული” და არ გქონდეს მომავლის იმედი.
თქვენი ყურადღება ისეთ პოზიტიურ მაგალითებისკენ მინდა მივმართო, როგორიცაა ე.წ. შერეული წყვილების არსებობისა. ანუ, შემთხვევებისა, როდესაც აივ-დადებითი და აივ-უარყოფითი პირები დაქორწინდნენ და მათ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი შეეძინათ.
მინდა იცოდეთ, რომ ეს არის დაავადება, რომელიც აქვეითებს თქვენს იმუნურ სისტემას, თუმცა დროული გამოკვლევების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია იცხოვრო ამ დაავადებასთან ერთად უპრობლემოდ! მინდა იცოდეთ, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ყველა აივ-დადებითი მოქალაქისთვის გამოკვლევები და მკურნალობა სრულიად უფასოა!
პოსტის ეს ძირითადი ნაწილი მინდა დავასრულო ძალიან პოზიტიური სოციალური რეკლამით, რომელიც ჩემი აზრით, აივ-დადებით პირთა საკუთარ თავთან და სხვა პირების აივ-დადებით პირთა მიმართ ყველაზე ჯანსაღ დამოკიდებულებას გამოხატავს.
***
27 ნოემბერს შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის კვლევისა და განვითარების ფონდში შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაში ჟურნალისტებსა და ბლოგერებთან ერთად შიდსის ცენტრის ექიმი მაია ცინცაძე, ფსიქოლოგი გიორგი წოწკოლაური და მედეა ხმელიძე მონაწილეობდნენ, რომლებიც უშუალოდ აივ-ინფიცირებულებთან მუშაობენ.
ღონისძიების მიზანი იყო, ბლოგერების, როგორც ყველაზე აქტიური ინტერნეტმომხმარებლებისა და ჟურნალისტების მეშვეობით საზოგადოების სწორი ინფორმირება შიდსის შესახებ.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა:
შეხვედრაზე დამსწრე ბლოგერებმა უკვე დაწერეს პოსტები დაავადების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე. გარდა ამისა, მათი პოსტები შეიცავს საინფორმაციო მესიჯებს დაავადებისგან თავდაცვის საშუალებებზე.
წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანიას ახალი ხუთ წლიანი სლოგანი „დავიყვანოთ ნულამდე“ აქვს. შიდსის ცენტრის წარმომადგენლის, მედიცინის დოქტორის მაია ცინცაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს შიდსის პროგრამის მოწოდებით წელს ახალი, 5 წლიანი სამოქმედო პროგრამა და სლოგანი აქვს შიდსთან ბრძოლის კამპანიას, რომელსაც „დავიყვანოთ ნულამდე“ ეწოდება.შიდსთან ბრძოლის ახალი კამპანია გულისხმობს ნულამდე დავიდეს შიდსის შემთხვევები და სტიგმა-დისკრიმინაცია რომელიც საკმაოდ დიდი პრობლემაა როგორც მსოფლიოში-ასევე საქართველოსთვის.პროგრამის მიზანია ასევე შიდსით დაინფიცირებულთა სიკვდილიანობის მინიმუმამდე შემცირება.
პოსტში გამოყენებულია ასოციაცია ”ჰერა XXI”-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
პოსტში გამოყენებულია ინფორმაცია შიდსის ცენტრის ვებ-გვერდიდან.
შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი
ეს პოსტი დაწერილია 1949 წელს. მოქმედება ხდება 2003-2011 წლებში.
პოსტი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს.
ჯორჯ ორუელის ”1984”-ის ადაპტირებული ვერსია
მე ამ დღიურის წარმოება 2003 წელს დავიწყე. ამ პერიოდში, ჩემს გარშემო ყველაფერს დიდი გამარჯვების აღმნიშვნელი სახელი ერქვა. გვქონდა ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”, რომელსაც ”გამარჯვების სახლებში” გვიჩვენებდნენ. ეს სახლები 2003 წლის შემდეგ აშენდა და აშენებიდან სულ მცირე ხანში უკვე ნაწილებად იშლებოდა. კედლებსა და ჭერს გამუდმებით ცვიოდა ბათქაში, მილები დიდ ყინვაში სკდებოდა, თოვლის ყოველ მოსვლაზე სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, ხოლო გათბობის სისტემას ნახევარი ორთქლი გარეთ ეპარებოდა (თუკი საერთოდ დაკეტილი არ იყო ეკონომიკის მიზნით). შეკეთება-რემონტი სანქცირებული უნდა ყოფილიყო რიმელიღაც მიუწვდომელი კომიტეტების მიერ, რომელთაც, სურვილისამებრ, შეეძლოთ ორი წლით შეეყოვლებინათ თვით ფანჯრის რაფის გამოცვლაც კი.
დედაქალაქში აუცილებლად მიიქცევდა თქვენს ყურადღებას სამინისტროების შენობები, რომლებიც იმდენად ჩრდილავდნენ მთელ დანარჩენ არქიტექტურას, რომ ”გამარჯვებული სახლების” სახურავებიდან ერთდროულად შეგეძლოთ დაგენახათ ისინი. ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის მმართველობის მთელ აპარატს:
ჭეშმარიტების სამინისტრო - რომელსაც ეხებოდა ახალი ამბები (მის დაქვემდებარებაში იყო ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზიები”), საზოგადოებრივი გართობა, განათლება და ხელოვნება. სწორედ ჭეშმარიტების სამინისტრო ადგენდა, თუ რა და როგორ უნდა გასულიყო ტელევიზიით. ისვე გვკარნახობდა გართობის საშუალებებსა და იმასაც, თუ რა იყო ჭეშმარიტი ხელოვნება და რა არა... ჩვენ, ცხადია, ჭეშმარიტების სამინისტროს დადგენილებებში ეჭვი არ/ვერ შეგვქონდა. შევიტანდით და ჩვენი აჯობებდა, - დიდი ძმა ხომ ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს ამჩნევდა, ყველაფერს გრძნობდა!
ჩვენს ქვეყანაში იყო მშვიდობის სამინისტრო, რომელიც დაკავებული იყო ომის საკითხებით;
ამ ქვეყანაში გვქონდა სიყვარულის სამინისტრო, რომელიც იცავდა კანონსა და წესრიგს. მათი დადგენილებით საჯარო დაწესებულებებში აიკრძალა კოცნა;
აგრეთვე, გვქონდა დოვლათის სამინისტრო, რომელიც ეკონომიკის საკითხებზე გახლდათ პასუხისმგებელი.
ჩვენს ქვეყანაში, ჟამიდან რევულუციის მოტანილი გამარჯვებისა, ერთპარტიული მმართველობა იყო. პარტია ლოზუნგებით მართავდა ქვეყანას და მათი ყოველი გადაწყვეტილება ამავე ლოზუნგებიდან გამოდიოდა. ლოზუნგები კი ასე ჟღერდა:
ომი მშვიდობაა
მონობა თავისუფლებაა
უმეცრება ძალაა
ჩემს დღიურში ხელის კანკალით აღვწერ პერიოდებს, რომლებიც ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებს ეხება. ამის დაწერა ჩემთვის ძალიან სახიფათოა, რადგან არასდროს მავიწყდება, რომ დიდი ძმა გვითვალთვალებს! ის ყველაფერს ხედავს, ის ყველაფერს ამჩნევს, ის ყველაფერს გრძნობს! თუმცა არც ის იმალება, რისი დანახვა დიდი ძმის ძალებს აღემატება, - ამ ქვეყანაში აზრის პოლიცია მუშაობდა. ამდენად, ამ ფიქრებს დღიურში გადმოვიტანდი თუ თავში დავიტოვებდი, აზრი არ ჰქონდა. აზრის პოლიციისთვის ეს სულ ერთი იყო. მე დანაშაული უკვე ჩადენილი მქონდა - და მაშინაც ჩადენილი მექნებოდა, საერთოდ რომ არ ამეღო ხელში კალამი . ამ დანაშაულს აზრკრიმინალი ერქვა! აზრკრიმინალს სამუდამოდ ვერ დამალავდი. შეიძლებოდა ცოტა ხნით შენიღბულიყავი, იქნებ რამდენიმე წელსაც კი, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოგძებნიდნენ!
ამგვარად, დასაკარგი მაინც არაფერი მაქვს და დღიურში გადმომაქვს ეპიზოდი, რომელიც ჩემს სამსახურებრივ ყოფას აღწერს. ის 2008 წლის 6 ნოემბერს, ან 2011 წლის 25 მაისს მოხდა.
კინოდარბაზში ვიყავი. ირგვლივ ჩემი თანამშრომლები, გვერდით კი ის ჟღალთმიანი გოგონა მეჯდა, რომელიც ყოველთვის გამომწვევად იცვამდა, მაგრამ არავის აძლევდა.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ეკრანზე ჩვენს იდეოლოგიურ მტერს გვიჩვენებდნენ. მას ხან ერთი ოლიგარქის, ხან მეორე ოლიგარქის სახე ჰქონდა. მის გამოჩენაზე მაყურებლებში აქა-იქ სტვენა გაისმა. ჟღალთმიანი გოგოს შიშ-სიძულვილის კივილი აღმოხდა. დროგამოშვებით, ოლიგარქების სახე ჩვენი იდეოლოგიური მოძღვრის გამოსახულებით იცვლებოდა. სწორედ ის ”ქოქავდა” დარბაზში სიძულვილის ორწუთეულს, რომლის დროს ჩვენ, მაყურებლები ადგილზე ვხტუნავდით და მთელი ხმით ვღრიალებდით. ფეხებს მთელი ძალით ვაბაკუნებდით.
სიძულვილის პირველი ოცდაათი წამის მანძილზე ნახევარი დარბაზი თავშეუკავებელ სიშმაგეს აფრქვევდა. ჩვენთვის აუტანელი სანახავი იყო ეკრანიდან გამომზირალი თვითკმაყოფილი ოლიგარქების დანახვა, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიურ მოძღვარს უპირისპირდებოდნენ.
ჭეშმარიტების სამინისტრო ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზიების” მეშვეობით ოლიგარქებსა და მათ თეორიებს ყოველდღიურად - დღეში ათასჯერ ამასხარავებდნენ, უარყოფდნენ, ანადგურებდნენ და მთლიანობაში, რაღაც უბადრუკ ნაგვად ნათლავდნენ, - მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მათი გავლენა არასდროს კლებულობდა.
იმის მიუხედავად, რომ ვცდილობდი, სიძულვილის ორწუთეულის გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი, სიძულვილმა ჩემშიც ზენიტს მიღწია. უცებ, ჩემი სიძულვილი ეკრანზე გამოსახული ოლიგარქებიდან გვერდით მჯდომ ჟღალთმიან, გამომწვევ გოგონასკენ გადავიტანე. ო, როგორ მივასიკვდილებდი ამ გოგოს რეზინის ხელკეტით! ბოძზე მივაბავდი. ჯერ გავაუპატიურებდი, ორგაზმის მომენტში კი მოვკლავდი...
სიძულვილის ორწუთეულის დასრულებისას შევნიშნე, რომ მთელი ძალით ვუჭერდი ხელს რეზინის ხელკეტს... მერე გავაცნობიერე, რომ მძულდა ყველა ის მიამიტი არსება, რომლებიც ოლიგარქებმა შეაცდინა! ხვალ 7 ნოემბერია, ან 26 მაისი...
ჯორჯ ორუელის ”1984” , ფანტასტიკური რომანი, 1949 წელს გამოიცა. რომანი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს. ეს არის ნაწარმოები, რომელშიც ჩვენივე საზოგადოება უნდა დავინახოთ თავისივე შუქ-ჩრდილებით...
პ.ს. ეს წიგნი პირველად წავიკითხე და წიგნის პირველივე ფურცლებიდან გამიჩნდა შეგრძნება, რომ ის, რასაც ორუელი აღწერს, ჩემთვის ძალიან ნაცნობია. პოსტი წარმოადგენს ”1984”-ის ადაპტირებულ ვერსიას და მასში რამდენიმე ეპიზოდი არ ეთანხმება ორიგინალს. პოსტში წარმოდგენილია პარალელები ჯორჯ ორუელის ”1984”-სა და ჩვენს რეალობას შორის.
პ.პ.ს. ჯორჯ ორუელის ”1984” ქართულ ენაზე ამ თვის მიწურულს გამოიცემა.
მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ყოველ წუთს, ყოველ წამს მესმოდა:
ივანიშვილი, ივანიშვილმა, ივანიშვილს, ივანიშვილის...
ივანიშვილის თემა იმდენად გამიჯდა ტვინში, რომ სამსახურიდან წამოსვლისასაც კი, როდესაც ქუჩაში მიმავალს ათას სასიამოვნო რამეზე (მაგალითად მლაშე თხილსა და კათხა ლუდზე) შემეძლო მეფიქრა, თავში ტოპ საფიქრალად კვლავ ივანიშვილი რჩებოდა. ხოდა, სახლში მოსულმა ფიქრები პოსტში გადმოვიტანე.
ყველას გვახსოვს ივანიშვილის მიმართვა მედიამუშაკებისადმი, სადაც ეწერა, რომ თუ ისინი ფსევდოოპოზიციურ არხებს თავს დააღწევენ და მას შეუერთდებიან, ივანიშვილი მათ სამჯერ მეტს გადაუხდის. ხოდა, ვგონებ, რომ სამჯერ მეტის პრინციპით, შესაძლოა, მოვლენები შემდეგი სამი მიმართულებით განვითარდეს:
1
ასე, სამიოდ დღეში მიშა სამჯერ მეტი ჰალსტუხის ჭამას დაიწყებს და სამჯერ მეტად გაააქტიურებს დამონებულ პროპაგანდისტულ მედია ფლანგს(იმედი, რუსთავი2, საზარხი, პრესაჯი, აიტივი, დრონიჯი და სხვები...);
შედეგად, რაც აქამდე ბიძინას შესახებ კარგი გვსმენია, სამჯერ მეტ ცუდს მოვისმენთ;
გაიჩითება სამჯერ მეტი ადამიანი, რომლებიც ბიძინას სამჯერ უარყოფენ;
მაგრამ ამით ვერაფერს დააკლებენ. პირიქით, ბიძინას სამჯერ მეტი ადამიანი გააღმერთებს;
მერე სამჯერ მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში;
მიშა სამჯერ უფრო სწრაფად და სამჯერ უფრო უმტკივნეულოდ მიიღებს აქციის დაშლის გადაწყვეტილებას;
შედეგად, იქნება სამჯერ მეტი დარბეული და დაშავებული, ვიდრე 26 მაისს;
იქნება სამჯერ მეტი მსხვერპლი, ვიდრე 26 მაისს;
გვეტკინება სამჯერ უფრო მეტად , ვიდრე 26 მაისს...
მერე, სამ დღეში, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოაცხადებს;
იქნება სამი საპრეზიდენტო კანდიდატი;
2
...მერე, მერე ყვეელაფერი გასამმაგდება:
ერთი შეხედვით, გვექნება სამჯერ მეტად მაგარი (სამი შეხედვით - 9-ჯერ მაგარი) ქვეყანა ;
ცხოვრება პრეზიდენტ ბიძინასთან ერთად იქნება სამმაგი სიამოვნება;
სამჯერ მეტი სამუშაო ადგილი;
სამჯერ მეტი დასაქმებული ადამიანი;
სამჯერ მეტი მომღიმარი სახეები;
თბილისის ქუჩებში ივლიან სამჯერ უკეთ დაზმანული ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო...
...და გვეყოლება სამჯერ მეტი აკაკი, ვაჟა, ილია, რომლებიც სიამაყით იტყვიან, რომ ისეთი კარგი ვარ, ნეტავ სამი ვიყოო...
ქვეყანას ექნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამჯერ მეტი პერსპექტივა;
გვექნება ნატოში შესვლის სამჯერ მეტი შანსი;
მიშას მიერ ვერ კონტროლირებადი სამი ტელევიზიის (კავკასია, მაესტრო, პალიტრაTV.ge) ნაცვლად გვექნება სამჯერ მეტი თავისუფალი მედია;
დაიგება სამჯერ მეტი ასფალტი, რომელსაც გაჭირვებულები კი არ შეჭამენ, არამედ მასზე ივლიან;
იქნება სამჯერ მეტი გართობა და კონცერტები;
გვეყოლება სამჯერ მეტად ბედნიერი ბუბა, ნანი, ლელა...;
სააკაშვილის მიერ სამჯერ გაზრდილი დასუფთავების გადასახადი და "მარშრუტკებით" მგზავრობა სამჯერ გაიაფდება;
ქვეყანაში საპატრიარქოს დაუბრუნდება ხელისუფლების მხადაჭერა და ღმერთი ისევ სამობით იქნება;
გაკეთდება სამჯერ მეტი ტურისტული ცენტრი და ჩამოვა სამჯერ მეტი ტურისტი;
იქნება სამჯერ მეტად ბედნიერი ადამიანი, და საერთოდ, ყველაფერი ისე მაგრად იქნება, რომ შესაძლოა, ამ ყველაფერმა "იმ საქმეზეც" დადებითად იმოქმედოს და სამჯერ უკეთ გავათავოთ...
3
ბიძინას ხელისუფლებაში მოსვლიდან, პირველი სამი წლის განმავლობაში, სამჯერ მეტად მოსაწყენი პოლიტიკური სპექტრი (ჩვენებურად რომ ვთქვათ, უტრაკო ოპოზიცია);
სამი წლის თავზე, სამჯერ მეტი საპროტესტო მუხტი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადას არ შეარგებენ.
---
მე ჩემი ვთქვი. ვნახოთ რა იქნება...
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა. ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.
თუმცა, ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან რუსის ჯარი თბილისში ვერ შემოვიდა (აბა, ქალაქის გარეუბნებში ჩამოგდებული ორიოდე ბომბი, აქ რა მოსატანია).
საქართველო სიღარიბის გარეშე! (საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. 2007 წლის 10 დეკემბერი, თბილისი)
საქართველოში 1 მილიონი ადამიანი ღარიბია და 440 ათასი ადამიანი უკიდურესად ღარიბი. (UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2010 წელი)
ამის მიუხედავად, ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რომ დუხჭირი ცხოვრების ფონზე, "საქართველო ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის ქვეყანაა".
დიახ, ძვირფასო მკითხველო, მიხეილ სააკაშვილი ბედნიერია!
ბედნიერია მაშინაც, როდესაც ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტით დაფინანსებული მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტზე, "უფასოდ გვეპატიჟება" და გახარებულ, მსოფლიო ჰიტებზე მოცეკვავე გოგო-ბიჭებს შეჰყურებს.
რამდენი გვიჯდება მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები ღია ცის ქვეშ, ამაზე სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური განცხადებები არ კეთდება.
(ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარით დააფინანსა ერთ-ერთი შოუ-კონცერტი, რამაც საზოგადოების უდიდესი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. ეს ხდება სახელმწიფოში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოსას თითქმის 80-ჯერ აღემატება).
ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან იცის, რომ მისი მტრის მტერი, მისი მეგობარია.
(ამაში, ალბათ, საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც იხილა, თუ როგორ ლანძღავდნენ მისი "დაუძინებელი მტრები" შალვა ნათელაშვილი და გიორგი თარგამაძე და "გამოღვიძებული მტერი" ირინა სარიშვილი პოლიტიკაში ახლმოსულ ივანიშვილს )
ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან ჩვენს ქვეყანაში დონალდ ტრამპის სახელობის ცათამბჯენი აშენდება. მერე რა, რომ ამ მშენებლობას ტრამპი არ დააფინანსებს.
(ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა, დონალდ ტრამპმა, ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის არჩევანი საქართველოზე გააკეთა და ქვეყანაში 250 მლნ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. The News York Times -ის კორესპონდენტის ენდრიუ კრამერის წერილიდან კი ირკვევა, რომ საქართველოს ცათამბჯენებში ტრამპი საკუთარ მილიონებს არ ჩადებს).
ჩემი პრეზიდენტი ბედნიერია, რადგან მის რეფორმირებულ პატრულს ჰიმნებს უძღვნიან. ვფიქრობ, მას მოსწონს ეს ჰიმნები, გარდა "მაესტროს" ეთერში გაჟღერებული "ჰიმნისა", რომელიც იმდენად "ბანძი" აღმოჩნდა, რომ მის ეთერში გაშვებაზე "არ დაიდარდომაც" კი უარი თქვა.
...გადავხედე ჩემს ნაწერს და პრეზიდენტის შემყურემ, მეც ბედნიერად ვიგრძენი თავი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩემს პრეზიდენტს "ჩუსტებიც" კი არ გააჩნია, ღამე ტუალეტში რომ გავიდეს, და შემეცოდა ეს "ბედნიერი"...
ეს პირველი პოსტია, სადაც ჩემი პირადი ცხოვრების ამბებს აღვწერ. მიუხედავად პირადი პოსტების მიმართ ჩემი ცუდი დამოკიდებულებისა, 19 დღე გავატარე ბალნიცაში და ამაზე არ დაწერა სირცხვილიც კია! :)
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ციება ვიგრძენი. მერე იყო სიცხე, ყველა სახსრის ტკივილი, გულის რევა... სახლში მარტო ვიყავი. ვიფიქრე, რომ ამ საქმეს 200 გრამი არაყი და მერე ცხელი პიტნის ჩაი უშველიდა.
იმ საღამოს, ცხოვრებაში პირველად, საკუთარმა სხეულმა სუპერმარკეტიდამ საგანგებოდ ამოტანილი საყვარელი სასმუსნავის მიღებაზე უარი განმიცხადა. ლუდიც კი არ გამისწორდა. ამან ცოტა დამაფიქრა. ..
***
ოთხივე ოთახში დავხურე ფანჯრები, რადგან მაციებდა. უკვე ღამდებოდა. ერთდროულად ამ ოხერი სიცხისა და ციების გაძლებას ვეღარ ვახერხებდი. მივხვდი, რომ მაღალი სიცხე მქონდა. თერმომეტრმა ეჭვები 38,4 გრადუსით დაადასტურა. სიამაყით შევხედე საკუთარ თავს სარკეში. ხომ ვთქვი, სიცხე იქნებათქო...
ღამის განმავლობაში თითქმის არ მეძინა. დედაჩემის წამლების ყუთი ამოვქექე, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვეძებდი, რა წამალი მიშველიდა. იმედით, რომ დამაძინებდა, ცოტა არაყი კიდევ დავლიე. დამეძინა, მაგრამ ამას შვება არ მოუტანია. სიზმარში გარდაცვლილი ძმაკაცის მომღიმარ სახეს ვხედავდი. ვიღვიძებდი და მონატრება მკლავდა. მერე ისევ მეძინებოდა... მერე ისევ მონატრების გრძნობით ვფხიზლდებოდი... მერე ისევ... ასე, ასჯერ, ან იქნებ მეტჯერაც...
***
დილით, სისუსტის მიუხედავად, სამსახურში წავედი. იმ ღამეს, ისევე, როგორც მომდევნო ორი ღამის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოკეთებულა. ერთი შეღავათი ის იყო, რომ დღისით სიცხეს არ მაძლევდა.
***
მეოთხე დღეს, დილით, სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ მაგრად მენძრეოდა და რომ შესაძლოა, ეს ის ავადმყოფობა არ ყოფილიყო, რომელიც ძმრიანი ნასკებით მხიარულად მთავრდება. თვალები გაყვითლებული მქონდა. ეს უკვე სამსახურშიც შენიშნეს. ამას სახის გაყვითლებაც მოჰყვა. შუადღისას, სასადილოში ჩასულმა, ორი კვირის უნახავი თანამშრომლისგან „კომპლიმენტიც“ კი მივიღე, რა კარგი ზაგარი გაქვსო. რაის ზაგარი, თურმე... :)
***
სადილის შემდეგ ჩემს ექიმთან წავედი. ანალიზები... რენტგენი... დიაგნოზი: „ ახლავე წადი სახლში, თეთრეული მოიტანე, უნდა დაგაწვინო!“ მეგონა, ეს ერთი კვირა გაგრძელდებოდა. რა ვიცოდი, რომ წინ 19 დღიანი მხიარულება მელოდა.
***
ჩემი ყვითელი თვალები უკვე გამვლელების ყურადღებას იქცევდა. ამას სეზონის ფონზე, სრულიად ალოგიკური ჩაცმულობა - თბილი ჯემპრიც ემატებოდა. რა იცოდნენ, რომ ფეხზე თბილი წინდები მეცვა... :) მათი გამოხედვით მივხვდი, რა ძნელია იყო შავკანიანი...
***
ბალნიცაში გამიმართლა. პალატაში კარგი მეზობელი შემხვდა. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემზე ბევრად მძიმე იყო. აღმოჩნდა, რომ ის, ისევე, როგორც იმ მომენტში საავადმყოფოში არსებული რამოდენიმე პაციენტი, პირველად არ სტუმრობდა ამ დაწესებულებას. ამიტომ, ჩემი მეზობელი ხშირად სტუმრობდა ნაცნობებს მეზობელ პალატებში. ალბათ, იქ ავ ყოფაზე, უიღბლობაზე, სოციალურ პრობლემებზე და რა თქმა უნდა, საკუთარ დაავადებებზე საუბრობდნენ. აქ სხვანაირად არ გამოვა. აქ საზეიმო განწყობა არავის აქვს. აქ ხომ ერთადერთი, რამაც შესაძლოა, განწყობა გამოგიკეთოს, ექიმის შემოტანილი, ანალიზის ოპტიმისტური მაჩვენებლებია. იქ ყოველ დილით, გაღვიძებისას, ლოცვასავით წარმოთქვამ ერთადერთ სიტყვას - „დღესღა!“ იცი, რომ სინამდვილეში აქ კიდევ კარგა ხანს მოგიწევს ყურყუტი, მაგრამ ამით თავს იბოლებ. ფიქრი იმაზე, რომ ეს გამოკეტილ პალატაში ყოფნის ბოლო დღეა, ძალას გმატებს იმისთვის, რომ რამენაირად გაქაჩო ღამის 10 საათამდე; დაელოდო წვეთოვანიდან ჩამოვარდნილ უკანასკნელ წვეთს, რომელიც შენი ვენისკენ კუსავით ნელა მიიზლაზნება. ამის შემდეგ უკვე ძილზეც შეიძლება ფიქრი. თუმცა, მხოლოდ ფიქრი, რადგან აქ დაძინება არც ისე მარტივია...
***
თავდაპირველად დრო წვეთოვნიდან მოწანწკარე წვეთების თვლით გამყავდა, თუმცა, ეს მალე მომბეზრდა. საბედნიეროდ, გამახსენდა, რომ ლეპტოპში ამერიკული სერიალის, „გმირების“ რამოდენიმე სერია მქონდა. ფილმის გმირებმა ალბათ არ იციან, რომ გარდა იმ ყველა გმირობისა, რომლებიც მათ სერიალის ოთხი ტომის განმავლობაში ჩაიდინეს, მათ ანგარიშზე კიდევ ერთი გმირობაა - 19 დღის განმავლობაში, ჩემი ცხოვრების უპასიურესი და ძალიან, ძაალიან მოსაწყენი დღეების გახალისების სახით.
***
ვასასი ჩემი მეგობარია. როგორც წესი, ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ ასეა - ვნახე თუ არა, პირველსავე დღეს ჩავთვალე, რომ ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთან ერთად, მართალია, ბავშვობა არ გამიტარებია, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია ვენდოJ როცა ამ წიგნს მაძლევდა, არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით, რომ მისი ბალნიცაში წაკითხვა მომიწევდა. გამიხარდა, რომ წიგნის კითხვა საავადმყოფოში დაწოლამდე არ დავასრულე. სწორედ ვასასისგან ნათხოვარი წიგნის მეშვეობით გადავდიოდი „ინფექციური ავადმყოფების მუზეუმიდან“ „უმანკოების მუზეუმში“. მართალია, წიგნის ოთხასმერაღაცამდენე გვერდზე გავჭედე, რადგან მომეჩვენა, რომ ბრაზილიური სერიალის უსაშველოდ გაწელილ სცენარს ვკითხულობდი, მაგრამ ბოლო ფურცლის ჩაკითხვისთანავე ძალიან, ძალიან მომინდა სტამბოლში ჩასვლა. ფამუქმა, მსოფლიოს მრავალი მოქალაქის მსგავსად, მეც შემისრულა. შემაყვარა თავი და მისი სხვა წიგნების მიმართ ინტერესი გამიჩინა. ბალნიცაშივე გადავწყვიტე, რომ ამ წიგნს გამოკითხვაში „ 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ “, მხარს დავუჭერ. იქნებ სხვებიც ავიყოლიო და ამ კაცის რომელიმე წიგნი შევიდეს კიდეც ქართულ ორმოცდაათეულში...
***
რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ძალიან დამღალა პალატა ნომერმა სამმა. ჯანმრთელობა წინ მიდიოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ამდენი წოლისგან, უმოძრაობისა და უსაქმურობისგან ვდებილდებოდი. გულს ვეღარაფერს ვუდებდი. დრო ვეღარაფრით გამყავდა. თავად დრო კი ისევე ნელა მიიზლაზნებოდა, როგორც მინერალები წვეთოვანში. ახალი წიგნის წაკითხვას გულს ვეღარ ვუდებდი. მექანიკურად ვკითხულობდი და თავში არაფერი შედიოდა. მხოლოდ წასვლაზე ვფიქრობდი და იმ იდეებზე, რომელსაც აქედან გასვლის შემდეგ განვახორციელებდი. ამიტომ, მამას ვთხოვე სახლიდან რაც ხელში მოგხვდება, ის წიგნი გამომიყოლეთქო და შედეგად კიდევ ერთხელ გადავხედე კიდევ ერთ წიგნს: გერმანელი ლტოლვილის ძალიან საინტერესო ისტორიას, რომელიც პარიზში არალეგალური სამედიცინო საქმიანობით ირჩენდა თავს. ჰყავდა ქალი, რომელიც იმდენად უყვარდა, რომ შესძულდა. ის საუკეთესო ექიმი იყო, რომლის ხელებმა ბევრი გამოგლიჯა სიკვდილს, საყვარელი ქალის გარდა... აბა, თუ მიხვდებით, რომელ წიგნზეა საუბარი? :)
***
პოსტის დაწერა აქამდეც ბევრჯერ ვცადე, თუმცა არ გამომდიოდა. ნახევარ გვერდს ვწერდი, მერე გადავხედავდი და ვფიქრობდი, რომ რასაც ვწერდი ძალიან პირადი იყო: განცდები, მარტოობა, ტკივილი, ოღონდ არა ფიზიკური; თუმცა ზოგჯერ არც უმაგისობა იყო. ხო, კიდევ, სინანული. ცოდვების გახსენება და ცხოვრების თავიდან დაწყების სურვილი... კარგია, რომ ის ტექსტები წავშალე. ესეც სრულებით საკმარისია...
***
მადლობა ჩემს მშობლებს! - ეს სიტყვები რომ თქვა, ამისთვის ოსკარის აღება სრულიად არ არის საჭირო. ამას ბალნიცაში მივხვდი.
მადლობა მხიარულსა და ხელტკბილ ექთნებს, რომლებმაც დამავიწყეს ნემსის ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნება. ახლა რომ ვფიქრობ, მგონია, რომ ის ტონა ორასი გრამი სისხლი მე კი არა სხვას გამოსწოვეს. აბა, მე ხომ ნემსის გაძლება არ მაქვს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ათასი აბი მერჩივნა ერთ ჩხვლეტას. :)
მადლობა ჩემს ექიმს, მაკას! რატომღაც მიჭირდა მისთვის ექიმოთი მიმართვა და სახელს ვეძახდი. ასე მემართება, როდესაც ვინმეს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მიჩნდება. ვითომ, ეწყინებოდა? იმედია, რომ არა. მადლობა მას ყველაფრისთვის!
მადლობა ყველა მორიგე ექიმს, რომლებიც შემიყვარდნენ, რადგან როდესაც თვალებში მიყურებდნენ, ვგრძნობდი, როგორ უყვარდათ თავისი საქმე. ხო, თვალებში იმიტომ არ მიყურებდენ, რომ ლამაზი და უძირო თვალები მაქვს. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ აინტერესებდათ, ჩემი თვალები ისევ ისე ყვითელი იყო თუ არა, როგორც წინა დღეს.
მადლობა მსოფლიოში ყველაზე ყურადღებიან ბიცოლას და ყველას, ვინც მინახულა, ვინც მირეკავდა. მართალია, პირველ დღეებში მნახველების მიღებაზე უარი განვაცხადე, მაგრამ მერე მათი მოსვლა დიდ შვებას მანიჭებდა.
მადლობა ჩემს საყვარელ ყოველკვირეულ გაზეთს „ყველა სიახლე“, რომელმაც, მართალია, სამ კვირიანი უინტერნეტობა ვერ შემიცვალა, მაგრამ სწორედ მისი საშუალებით ვეცნობოდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
ჩემთვის სამსახურის ამბები ქვეყნის ამბებზე არა ნაკლებ საინტერესო იყო, ამიტომ არ შეიძლება მადლობა არ გადავუხადო ნანაიას, ჩემს თანამშრომელს, რომელიც ყოველი სამუშაო დღის შემდეგ მირეკავდა.
***
მე გიორგი გიორგაშვილი ვარ. 24 წლის.
თავს ერთ-ერთ ახალი ამბების განყოფილებაში, რამოდენიმე პოპულარული საინფორმაციო პორტალისათვის ადმინისტრირებით, უცხოეთის , სპორტის, შოუბიზნესის, სხვა საიტერესო, უცნაური და გასართობი ნიუსების მოძიებით, გარდა ამისა, წიგნებთან დაკავშირებული ცნობილი პროექტების სოციალური მედიაპლათფორმების მართვით ვირჩენ. ბალნიცაში მივხვდი, რომ მართალია, ეს ყველაფერი არც ისე ცუდია, მაგრამ თავს გამოვუტყდი, რომ ცვლილებების დროა. 19 დღე საწოლში წოლა სრულიად საკმარისია ახალი მიზნების დასახვისათვის. ვნახოთ, რა გამოვა ...
დაბოლოს, დარააააააააამ - ბდიუუუუჰ!!!!! ოოოციი დღე, ანუ პაჩწი საააამი კვირა არ შევსულვარ ფეისბუქზე!!!!! დიაღთ, ეს შესაძლებელია! შესაძლებელია ცხოვრება ფეისბუქის გარეშე, თანაც ისე, რომ არც კი მოგენატროს!
პ.ს. როდესაც გამოვჯანმრთელდი, ჩავთვალე, იმისთვის, რომ მომავალში იგივე დაავადებით, ან რაიმე მსგავსით, კიდევ ერთხელ არ მოვხვდე ბალნიცაში, ამ დღეების შესახებ უნდა დამეწერა. ჭკუის სასწავლებელი იქნება.
პ.პ.ს. ეს პოსტი 9 სექტემბერს დაიწერა, როდესაც მე, როგორც იქნა, გამომიშვეს ბალნიცადამ.
ხელისუფლება, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ორ კატეგორიად ყოფს და მათ მიმართ შემდეგი ტიპის დამოკიდებულება აქვს.
1) წერეთ და იკითხეთ - დამოკიდებულება საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ფეისბუქზე, ჟურნალ-გაზეტებში, ბლოგებსა და ფორუმებზე უცხადებს პროტესტს.
2) გამოდით, უნდა დაგთვალოთ! - დამოკიდებულება საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც იმ დონეზე ბრაზდება ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომ სახლში ვეღარ ჩერდება და პროტესტს აფიქსირებს ქუჩაში, იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ.
დღეს, 2011 წლის 24 ივლისს, სამარშუტო ტაქსების მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე იმ რაოდენობის ადამიანი მივიდა, რომ არათუ ხელისუფლების დაკვირვებული თვალი, ბრუციანი ილიკოც კი დათვლიდა.
პროტესტი პარლამენტის წინ მხოლოდ ორმოცამდე ადამიანმა დააფიქსირა. არადა, ფეისბუქზე, ამ აქციაზე დასწრებაზე 2,062 ადამიანი აცხადებდა თანხმობას!
ამ სიტუაციის მიმართ, ყველაზე გონივრული შეფასება, ჩემი ჭკვიანი თანამშრომლისგან მოვისმინე - ჩვენ იმის ღირსები ვართ, რომ 80 თეთრი კი არა, მგზავრობა 5 ლარი უნდა გახადონ, აი, მერე ხომ გამოვლენ გარეთო!
სწორედ ეს ფრაზა აღმოჩნდა ჩემი ახალი მოთხოვნის ინსპირატორი, რომელიც ასეთია:
მე მოვითხოვ მგზავრობის ფასის 3 ლარამდე გაზრდას, ხოლო თუ ჩემს სამშობლოს დასჭირდება, თანახმა ვარ, რომ "მარშრუტკით" გადაადგილების ღირებულება 5 ლარამდე გაიზარდოს!!!
დღეს, 2011 წლის 24 ივლისს, არსებული პოლიტიკური სპექტრისა და ქართული საზოგადოების მიმართ ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მე შემიყვარდა ხელისუფლება და შემზიზღდა ხალხი, რომელიც მზად არს, რომ ნინოს, გრეჩიხებს, ირაკლის და მისთანებს გვერდით დაუდგეს მათი პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ ყოფა-ცხოვრებას უკავშირდება, ტაკო არ აწიონ სკამებიდან. სამაგიეროდ, მზად არიან, ყოველდღიურად დადონ ზემოთ აღნიშნული ტაკუნები 80 თეთრის ღირებულების "მარშრუტკის" სკამებზე და ჩასვლის წინ მძღოლებს დაუწყონ ჩხუბი!
მე შემიყვარდა ხელისუფლება მათი გულწრფელობის გამო! ხელისუფლება იმ 2,062 (ო რ ი ა თ ა ს ს ა მ ო ც დ ა ო რ ი) ადამიანის მსგავსად მაინც არ ტყუის, რომლებმაც, ამ პრობლემით აღშფოთებულებმა, "ეთენდინგ"-ით დაადასტურეს საპროტესტო აქციაზე მისვლა..
ჩვენ გულწრფელი, პირდაპირი მთავრობა გვყავს. ხელისუფლებას არ სურს ქვეყანაში თავისუფალი მედია და ის საჯაროდ, სხვათა შორის, მთელი სამყაროს დასანახად შედის და იპყრობს დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს;
ხელისუფლებას სურს უფრო მეტი ფული და ამ ზრახვასაც არ მალავს. პირიქით, გულწრფელად გვიზიარებს, - ის თავისი გავლენის ქვეშ აქცევს ყველა სახის ბიზნესს და ამასაც საჯაროდ აკეთებს;
ხელისუფლება გულწრფელია მაშინ,როდესაც სულელ ხალხზე გაბრაზებული და გაავებული, გულწრფელად ბრაზმორეული ტყეპავს ასობით ადამიანს; აბა, იმ 2.062 ადამიანივით, ბოღმას გულში ხომ არ ჩაიხჩობს!
მე მიყვარს ჩემი ხელისუფლება, რადგან ის გულწრფელია, რამეთუ, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მისი მთავარი დაპირების - საქართველო სიღარიბის გარეშე-ს შესრულების ტრაკი არ აქვს, ეს ფრაზა საერთოდ ამოიღეს და დაივიწყეს! ამ საამურ სიტყვებს აღარ გვეუბნებიან, აღარ გვაბოლებენ განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ასევე ხვდება, რომ აღარაფრის ტრაკი არ აქვთ, მაგრამ მაინც ტვინს უტყნავენ საცოდავ და სულელ ხალხს!
მე, დღეიდან, მზად ვარ "გავაპრავო" ხელისუფლების გადადგმული ყოველი ნაბიჯი; მათ მიერ, ჩვენდა საზიანოდ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ მეტის ღირსები ვართ!
დღეის ამას იქეთ ტაშს დავუკრავ ხელისუფლებას ყველაფერზე და მე ვიქნები მეტად გულანთებული მიხოიდი, ვიდრე კარდუ (გიგა ნასარიძე)!
კარდუ (გიგა ნასარძე) - მიშისტობის საზომი ერთეული. ავტორის შენიშვნა
დღეს, მაშინ, როდესაც 80 თეთრი ორმოც კაცზე მეტმა არ გააპროტესტა, საოცარი სურვილი გამიჩნდა, რომ ხელისუფლებას მგზავრობა არა ოთხმოც თეთრამდე, არამედ, სულ მცირე 3 ლარამდე გაეზარდა და მე ვინატრე, რომ ვმდგარიყავი არა პარლამენტის წინ, არამედ ბორჯომში, და სხვების მსგავსად ხელები დამეკოცნა მიშა სააკაშვილისთვის!
23.07.11 17:17ბორჯომის რეაბილიტაცია გრძელდება და ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად იქ პრეზიდენტი ჩავიდა.
მე, ას პროცენტიანი მიხოიდი, თვალებზე ლიბრს ვიკრავ და აღარაფერს დავინახავ ცუდს ამ ქვეყნად! დაჟინებული მზერით დავტკბები აშენებული სასტუმროებისა და დაგებული ასფალტის ხილვისას!
გთხოვთ, ნურავინ შემეცილება პრეზიდენტის სიყვარულში! ასევე, უმორჩილესად გთხოვთ, რომ გეყოთ ნამუსი და ნუღარ დაწერთ სტატუსებში, თუ როგორი გაბრაზებულები ხართ გაძვირებული მგზავრობის საფასურითა და სხვა სოციალური პრობლემებით!
მათ კი, ვინც ხვალ, 25 ივლისს აპირებს მერიასთან გაპროტესტებას, შემოგიერთდებით ჩემი მთავარი მოთხოვნით - გაძვირდეს მგზავრობა 3 ლარამდე (სამშობლოს თუ დასჭირდება, ხუთ ლარამდე გაძვირებაც მოსულა), რადგან ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ყველაფერს ეგუება (ეს ალბათ სულ ისტორიის მასწავლებლების ბრალია, რომლებმაც ბავშვობიდანვე ჩაგვაგონეს, რომ ქართველმა ხალხმა ბევრი ჭირ-ვარამი გადაიტანა, მაგრამ დღესა ვარსებობთო; ალბათ გვგონია, რომ ამასაც გავუძლებთ).
ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც "უუი, უიი,... დამპლები, გააძვირეს" გაიძახის;
ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლებიც ტირის ამ სურათზე...
...და ვერაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად...
აქედან გამომდინარეობს ჩემი მოთხოვნები და მე ხვალ მერიასთან დავდგები ტრანსფარანტებით, სადაც ეწერება:
დაგვარბიე;
გაგვიძვირე;
შაქარი რაც უფრო ძვირია, მით უფრო ტკბილია...
დაბოლოს, ვაკეთებ გვერდს ფეისბუქზე, სახელწოდებით სგ სგ მიშა!
არსებობს აღიარებული ჭეშმარიტებები, რომელზეც არავინ დაობს.
ერთ-ერთი ასეთი, რუსთავი 2 - ის საინფორმაციო სამსახურს უკავშირდება; - აღიარებული ჭეშმარიტების თანახმად, აღნიშნული ტელევიზიის ”კურიერი” ხელისუფლების კონტროლირებადი საინფორმაციო სამსახურია. ხო, ეს ის არის, რაზეც აღარავინ დაობს. თქვენი არ ვიცი და პირადად ჩემში ეს ფაქტი გაღიზიანებასაც კი აღარ იწვევს. მეტიც, იმაზე უფრო ვღიზიანდები, როდესაც ”ერორის” (ასე ეძახიან ამ ტელევიზიას ”მოფერებით”) გადმოცემულ ამბებზე ბრაზდებიან. :)
ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურზე, ყველაზე მეტად, მათივე პრომო ვიდეოები მეტყველებს.
იხილეთ ”კურიერის” 2011 წლის პრომო და შემდეგ კადრები საბჭოთა საქართველოდან -საქართველო 1959-1964 წლებში. მე გადავწყვიტე, რომ 1959-1964 წლების ამსახველი ვიდეომასალისთვის ფონად ”კურიერის” პრომოს მუსიკა დამედო. თავად ნახავთ, რომ პროპაგანდისტული სულისკვეთება ერთი-ერთზეა.
მაშ ასე, დატკბით:
”კურიერის” პრომო - 2011 წელი
და ”კურიერი”-ს პრომო, 1964 წელს:

ადამიანზე ძალადობის არაერთი საშუალება არსებობს.
გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამების სხვა მეთოდებთან ერთად, პატიმრების ხმამაღალი მუსიკით წამების ხერხსაც მიმართავდნენ და იქაური Playlist-ი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:
ადამიანებზე ძალადობის ამ ხერხს საქართველოშიც იყენებენ. თუმცა, გუანტანამოს ციხისგან განსხვავებით, ჩვენთან ამას ღიად და საჯაროდ აკეთებენ. მეტიც, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტექსტის პატიოსანი მკითხველი არაერთხელ ყოფლა მუსიკით ძალადობის მსხვერპლი...…
დილა:
08:00 – მაღვიძარა რეკავს, რომელსაც ავტომატურად, სრულიად გაუცნობიერებლად "ვაკეტინებ".
08:?? – მაღვიძარა მე-?-ჯერ რეკავს. მობილურზე საათს დავხედე. ელექტრო საათის მხოლოდ პირველ ორ სიმბოლოს ვაკვირდები. 08:, დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ იქ 09: არ წერია. რაკი ამდენს "ვტვინავ", უკვე იმასაც "ვწვავ", რომ მაგვიანდება და დროა სამსახურში წავიდე.…
08:45 – გაჩერებაზე ვარ. სამსახურამდე ყოველდღიურად "მარშრუტკას" მივყავარ. დღესაც ასე იქნება.…
ავდივარ "მარშრუტკაში". იმის გამო, რომ გაჩერებასთან ახლოს ვცხოვრობ, ჩემს საჯდომს დასაჯდომი ადგილის არქონა არ აწუხებს, მაგრამ თბილისში მოსიარულე "მარშრუტკებს" საწუწუნოს ყოვლეთვის მოუძებნის კაცი.
09:02 – "მარშრუტკა" უკვე გასცდა გარეუბანს და ერთ-ერთი ავტოგასამართ სადგურზე ტემპერატურისა და დროის მაჩვენებელი ციფერბლატი 09:02-ს მაჩვენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურში არ მაგვიანდება და ჩემს ახალ SAMSUNG-ის მობილურში, NOTE-ში ცხელ გულზე ვიწყებ ტექსტის წერას. ფიქრებს სამსახურამდე თუ არ გადავიტან, მერე ამისთვის ვეღარ მოვიცლი. მე კი გულწრფელად მინდა, ჩემი სატკივარი ყველას გავუზიარო და იქნებ თანამოაზრეებიც მოვიპოვო...
ბოლო დროს ჩვენს ქალაქში ძალიან მოდური გახდა რაიმეს აღიარება. გადავწყვიტე, ამ ტენდენციას არც მე ჩამოვრჩე. დიახ, მე მინდა ვაღიარო, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ. ჩემზე ყოველ დილით სამარშუტო ტაქსების მძღოლები ძალადობენ. მესმის, ეს ძალიან პიკანტურად ჟღერს, მაგრამ დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტანთ...
უფრო სწორად და გასაგებად რომ ავხსნა და ამასობაში, პრობლემაც რომ მეტად "გავშალო", მომიწევს იმის აღნიშვნა, რომ მოძალადენი უშუალოდ "მარშრუტკის" მძღოლები კი არა, ქართული "დაიკიდე - მოგეშვება" რადიოსადგურები არიან. რადიოები, რომლებიც დღისით, მზისით, სრულიად მოურიდებლად და სახალხოდ, მდარე ხარისხის მუსიკას, მეტი კონკრეტიკისთვის, "უკეთუ არს" ასე ვთქვა, - ე.წ. ბაზრულ მუსიკას "გვტენიან". სიამოვნებით დავწერდი უშუალოდ მათზე ერთ-ორ სიტყვას (თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორიოდე სიტყვა არ მეყოფოდა), მაგრამ მალევე მახსენდება, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც რადიოებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი მუსიკალური ფორმატი. არადა, სასაცილო ის არის, რომ კომუნისტების დროს ფარფლები და პინკ ფლოიდი იკრძალებოდა; ახლა კი ჩხეიძესა და სურამელაშვილსაც კი არ კრძალავენ. ასეთი დემოკრატიაც არ გვინდა, ბატონებო. მგონი, ეს უკვე მეტისმეტია…
შესავალი ნაწილის გაგრძელება: - ხმამაღალი მუსიკით წამება
მას შემდეგ, რაც "მისაკაჩავებელ" ობიექტად რადიოსადგურები, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის თანახმად გამოვრიცხე, გადავწყვიტე, რომ მოძალადენი მძღოლები არიან. სწორედ ისინი მიწყვეტენ, თუ რას მოვისმენ მე დილიდან. განწყობა მუსიკაზე რეაგირებს. ნათელი მზე, უღრუბლო ცა და ჩიტების ჭიკჭიკი ქაჯური მუსიკის ფონზე, ვერაფერი სიამოვნებაა. იმ დროს, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, წამყვანი ხაზგასმით აცხადებს, რომ მსმენელთა უმრავლესობის მოთხოვნით ეთერში ????-ის "???? ?? ???" გავა (არ ვიპრანჭები, მართლა არ ვიცი არც შემსრულებელი და არც სიმღერა). როგორც აღმოჩნდა, წარდგენილი სიმღერა ჩვენი მძღოლოს ფავორიტია და ისიც რადიომიმღების ხმას უწევს. აქ მეტად ვღიზიანდები. თუმცა საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ რასაც ახლა ვფიქრობ, არ დავწერო.…
პრობლემა:
1 – დასაშვებია თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუსიკის (ჩემი ბრალი არ არის; ახლა იმასაც მუსიკას ეძახიან, რასაც "დაიკიდე-მოგეშვება" რადიოები გვასმენინებენ) ჩართვა?
2 – ჩვენ ფულს ტრანსპორტირებაში ვიხდით და არა მუსიკის მოსასმენად. მუსიკის მოსასმენად სათანადო დაწესებულებებში დავდივართ და YOUTUBE-ის გამოყენებაც ვიცით.
3 – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუსიკის ძალადობით მოსმენით იზღუდება ჩემი, როგორც მგზავრის უფლებები. ეს არის პირდაპირი ძალადობა ადამიანზე – მასმენინებენ იმას, რაც მე მაღიზიანებს და რაც უარყოფითად მოქმედებს ჩემს გუნება-განწყობაზე დილიდანვე (პრობლემის მეტი დრამატიზებისთვის, ცუდი არ იქნებოდა, დეტალურად რომ აღმეწერა, რა გრძნობაა, როდესაც მძიმე, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, მარშრუტკაში ცალ ფეხზე დგახარ, ყურთან კი ბოლო ხმაზე ჩაგჩხავის ვიღაც: "ჩეეეეეეეეემო ძვირფასებოო, შემდეგ სიმღერას, ჩხეიძის "კაბრიოლეტს", გელა რუსთაველ ეკას უძღვნის დიდი სიყვარულით" და მსგავსი ტექსტები ).
4 – მუსიკა ადამიანის ზოგად გემოვნებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამ ქვეყნად კი იმდენი კარგი მუსიკოსია, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყველა შოპენს უსმენდეს. ის, რასაც ახლა რადიოები გვასმენინებენ, რამდენიმე წლის წინ გოიმურ "პესნიებად" ითვლებოდა (მახსოვს, წლების წინ, სირცხვილისგან როგორ გაწითლდა ერთი ჩემი ნაცნობი, როდესაც გოგომ, რომელსაც ეპრანჭებოდა, "ბარდაჩოკში" გოიმური კასეტა აღმოუჩინა), თუმცა ახლა ასეთი ტიპის სიმღერები რადიოების შემოსავლის და მათი მსმენელების სულიერი საზრდოა. ახლა გოიმური მუსიკა "გაპრავებულია" და ჭოხონელიძეზე მეტი მსმენელი ჩხეიძეს ყავს. შეზარხოშებულ ქართველებს საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ, დოლიძის "ხმალი ავლესოთ ქართველებოს" ნაცვლად, სურამელაშვილის მოსმენა ურჩევნიათ.
შენიშვნა: ქართველები ჰომოფობები არიანო, წმინდა წყლის ტყუილია. ქართველი, კაი პურის მჭამელი, ღიპიანი ბიძები, მათგან რადიკალურად განსხვავებულ, ხაზგასმით არაქართული და არატრადიციული შესახედაობისა და ზნე-ჩვეულებების მქონე მამაკაცს აღმერთებენ. მისი მუსიკა დღეს ჰიპერპოპულარულია. ამას რესტორნები, აუდიომაღაზიები, მუსიკალური საიტებისა და "დაიკიდე-მოგეშვება" რადიოების "ჩათები" მოწმობენ.
5 – ასეთი მუსიკა, რომელიც იმდენად ცუდია, რომ უცენზურო სიტყვებიდან შესაბამის სახელს ვერ მოვუძებნი, სრულიად საჯაროა. ჩემი მტკიცე მოსაზრებით, ეს მუსიკა ცუდ გავლენას ახდენს მოზარდების განვითარებასა და მათი შემდგომი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. "დაიკიდე – მოგეშვება" მუსიკაზე აღზრდილი თაობა... რა ვიცი, რა ვიცი...
P.S. უახლოეს მომავალში ასეთი ტიპის კიდევ ერთ რადიოს ხსნიან. რადიოსადგურები ხალხის მოთხოვნას პასუხობენ (რომელიც თავადვე გააჩინეს). ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენში ასეთ გოიმობებს ბევრი უსმენს, ოღონდ თქვენ არა – თქვენ ხომ ახლა KVIRISPALITRA.GE-ზე ხართ და შესაბამისად, გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!
მასალა გამოქვეყნდა 27-04-2011 საიტზე kvirispalitra.ge
ქალი, რომელიც თავისი დამახასიათებელი გარეგნობით ბევრს ხიბლავს, ხოლო მუსიკალური და კინო კარიერით კი მრავალ ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას.
მისი ცხოვრება ნაყოფიერი იყო,- მან შესძლო დატოვოს თავის კვალი მსოფლიო შოუბიზნესში. ის ამერიკელი მომღერალი, თეატრისა და კინოს მსახიობი, ლიბერალური პოლიტიკური აქტივისტი, კინოპროდიუსერი და რეჟისორია. დაჯილდოებულია ამერიკის კინოაკადემიის "ოსკარით" საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო სიმღერის ნომინაციებით, ასევე მიღებული აქვს მრავალი ემის ჯილდო გრემი და ოქროს გლობუსი.
სტრეიზანდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალად ითვლება თანამედროვე გართობის ბიზნესში. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მან ორჯერ იქორწინა. პირველად ცხოვრება მსახიობ ელიოტ გოულდს დაუკავშირა, თუმცა მასთან მხოლოდ 6 წელი დაჰყო. ამ ქორწინებამ მას ის ბედნიერება მოუტანა, რასაც დედობა ჰქვია. მას ვაჟიშვილი ეყოლა .
გადიოდა წლები, უნიჭიერესი ქალბატონი ყოველდღიურად აოცებდა თავისი სასცენო მოღვაწეობით აუდიტორიას. ემატებოდა პოპულარობა და მის მიართაც იზრდებოდა მოთხოვნა მიუზიკლების, ტელე-რადიო შოუებისა და მხატვრული ფილმების პროდიუსერებისაგან. ბარბარა სტრეიზანდი სწორედ ამ ყველაფრისთვის არის დაბადებული, ის ყველგან დიდი წარმატებით იკავებს თავის ადგილს. ამიტომაც სავსებით ლოგიკურია მისი ჯილდოების უზარმაზარი ჩამონათვალი. ის 50-ჯერ იყო ნუმინირებული გრემის დაჯილდოვების ცერემონიალზე, აქედან სტრეიზანდმა 16 გრემი და 8 სპეციალური პრიზი აიღო. შექმნა 20-მდე წარმატებული კინო სახე. მისი მონაწილეობით წარმატებით იდგმევა წარმოდგენები ბროდვეიზე.
ყველაფერთან ერთად, ბარბარა, ქველმოქმედიცაა. დააარსა ”ბარბარა სტრეიზანდის ფონდი”, რომელიც, ძირითადად, უპატრონო ბავშვებს განათლების მიღებაში, შესაძლებლობების რეალიზებასა და გზის გაკაფვაში ეხმარება.
ბარბარა სტრეიზანდი პოლიტიკურ აქტიურობასაც იჩენს. ის დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო. სხვათაშორის, პოლიტიკური აგიტატორობა საკმაოდ სარფიან საქმიანობად აქცია, ყოველივე ამან მას 15000 დოლარი მოუტანა.
Recent Comments